ბაკურიანი

რატომ ბაკურიანი?
ბაკურიანი საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს, ბორჯომის ხეობაში მდებარეობს. კურორტი გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე. საოცრად მდიდარმა და უაღრესად მრავალფეროვანმა ბუნებრივმა პირობებმა მას ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გაუთქვა სახელი. იგი ყოველი მხრიდან მთებითაა გარშემორტყმული, რომელთა ფერდობებზეც შეფენილია წიწვოვანი ტყეები, ამის გამო ჰაერი აქ კრისტალურად სუფთაა. ტყეების ზემოთ ულამაზესი ალპური მდელოებია.

უნიკალურ, დამახასიათებელ კლიმატს უპირველეს ყოვლისა განაპირობებს კურორტის მდებარეობა სუბტროპიკულ ზონაში, შედარებით მაღალ სიმაღლეზე, სადაც ზაფხული გრილია, ზამთარი ზომიერი. თოვლის საფარის საშუალო სიმაღლე 60 სანტიმეტრია. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2000 საათს აღემატება.

მშრალი მთის ჰაერი, გაჯერებული წიწვოვანი ტყეების არომატით, ასევე მზის ულტრაიისფერი რადიაციის დიდი რაოდენობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ეფექტური კლიმატოთერაპიისათვის.

თავისი უნიკალური ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ბაკურიანი წელიწადის ყველა დროს იზიდავს დამსვენებლებს. ზაფხულში ესაა ტიპიური “საბავშვო” და “საოჯახო” კურორტი, ხოლო ზამთარში იგი სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა საყვარელი ადგილია; სათხილამურო სეზონი აქ ნოემბრის ბოლოდან აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება.